ანტიქრისტეს ცხოვრების სამი პერიოდი


ანტიქრისტეს ცხოვრების სამი პერიოდი

ანტიქრისტეს მთელი მომავალი ცხოვრება და მოქმედება შეიძლება სამი უმთავრესი პერიოდის სახით განვიხილოთ.
პირველი პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს ცხოვრებისა და მისი ბილწი დაბადებიდან სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენის მომენტამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საიდუმლოდ გაივლის ფარულ უცნობელობაში. როგორც იოანე დამასკელი ამბობს: „იგი (ანუ ანტიქრისტე) სიძვისაგან იშვება, ფარულად აღიზრდება, უეცრად აღდგება, ყოველივეს აღაშფოთებს და მეფე გახდება“
მეორე პერიოდი. ეს პერიოდი ანტიქრისტეს სამოქმედო ასპარეზზე მსოფლიო მოძღვრისა თუ წინასწარმეტყველის ხმაურიანი გამოსვლით დაიწყება. ანტიქრისტე წამოაყენებს პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით მსოფლიო კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე მისაღებ პროექტს, და ამ გეგმის ძალით შეეცდება მსოფლიოში ერთიანი პოლიტიკური და სოციალური წესწყობილება დაამყაროს. ამ მსოფლიო ომითა, თუ სხვა საშინელი არეულობებით და უბედურებით დაღლილ-დაქანცული, სულიერად დაბრმავებული კაცობრიობა, უფრო სწორად კი - მისი უდიდესი ნაწილი, ანტიქრისტეს ამ წინადადებას სიბრძნის, განსწავლულობისა და გენიალურობის გამოვლინებად მიიღებს. თავისი მოქმედების ამ პერიოდში ანტიქრისტე არავითარ ძალადობას არ მიმართავს და ეცდება თავისი პირფერული, მოჩვენებით სათნოების გამოვლინებით ადამიანთა ნდობა და კეთილგანწყობა მოტყუებით მოიპოვოს. ადამიანთა საცდუნებლად ანტიქრისტე მრავალ სასწაულსაც მოახდენს, რომელნიც თავისი არსით, ცრუ იქნება.

მესამე პერიოდი. ანტიქრისტეს მოქმედების ეს, მესამე და უკანასკნელი პერიოდი დაიწყება მის მიერ მთელი მსოფლიო ძალაუფლების მიტაცებით. ამას დიდად შეუწყობს ხელს ხალხთა უკიდურესი გაჭირვება, სულიერი გაღატაკება, და სასოწარკვეთა, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მსოფლიო ომისა თუ სხვა რამ დიდი უბედურებისაგან. ამ ერთიან მსოფლიო ძალაუფლებაში, რაც ყველასაგან განდიდებული ანტიქრისტეს ხელში იქნება მოქცეული, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დაინახავს ერთადერთ გარანტიას ახალი ომებისა და არეულობისაგან თავდასაზღვევად და ერთადერთ გზასაც მსოფლიოს შემდეგომი მშვიდობიანი აყვავებისათვის. გამეფებისას ანტიქრისტე ადამიანებს დაბეჭდავს. დაშრება ზღვა; ამოწყდებიან ცხოველები; აჩქარდება დრო. იქნება ენოქისა და ელიას ქადაგებები ადამიანებისადმი, რათა მათ არ მიიღონ ბეჭედი ანტიქრისტესი და გამუდმებით გამოისახონ ნიშანი ჯვრისა. ანტიქრისტე შეიპყრობს მათ და ორივე წინასწარმეტყველს საკუთარი ხელით მოჰკლავს. ხსნა ქრისტიანებისთვის იქნება ის რომ , ანტიქრისტე ცოტა ხანს იმეფებს.

არავითარ ადამიანური ძალას არ შეეძლება წინააღმდეგობა ანტიქრისტესი. მხოლოდ თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც მეორედ მოვა ამქვეყნად მთელი თავისი დიდებითა და ძლიერებით, სძლევს მას და გეჰენიის ცეცხლში ჩააგდებს საუკუნო ტანჯვისათვის. მაშინ დადგება საშინელი განკითხვის დღეც, როცა ყოველნი - ცოცხალნიცა და მკვდარნიც, რომელნიც მკვდრეთით აღდგებიან, ქრისტეს სამსჯავროს წარუდგებიან, და ეს იქნება ქვეყნის დასასრულიც.   









No comments:

Post a Comment