„ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული...
საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე
ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა
არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ზუსტი დრო არავინ უწყის, მაგრამ ნიშნები მეორედ მოსვლისა
წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი. ეს ნიშნებია: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი
კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი“,
სისხლიანი ეთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა“) და სხვა. მაგრამ
უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება
და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად,
ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ
ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს.
მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე...“
No comments:
Post a Comment