Wednesday, May 9, 2012

მამები გვირჩევენ


ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, ყოველ საქმეში, ყოველი გაჭირვების ჟამს საღმრთო წერილით ვიხელმძღვანელოთ. მოყვასთა ღმრთივ-სულიერი რჩევაც დიდად სასარგებლოა, თუკი ისინიც ღვთის სიტყვით და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ხელმძღვანელობენ. ასეთი ხელმძღვანელობა ეკლესიის გონებით დაიცავს მორწმუნეებს ფართოდ გავრცელებული ცრუ-მოძღვრებისაგან, ხოლო თუკი ადამიანი მოაკლდება ასეთ ხელმძღვანელობას, იგი უსათუოდ მცდარ გზაზე დადგება, რადგან დაემორჩილება ცოდვაში ჩავარდნილ უმრავლესობის აზრს. და ამ დროს თუკი ვინმე გაბედავს კიდევ დადგენილი საზოგადოებრივი შეხედულების წინააღმდეგ გამოსვლას, მას მაინც განსაცდელი დაემუქრება, რადგან ყოველის მხრივ გაიგონებს - როგორ, ნუთუ შენ ერთი ხარ მართალი, ჩვენ ყველანი კი ვცდებითო! ასეთ მსჯელობას მხოლოდ იმ ადამიანისთვის არ ექნება ფასი, ვინც საღმრთო წერილით იხელმძღვანელებს, რადგან მისგან ეცოდინება, რომ არა ყველა, არა უმრავლესობა, არამედ მხოლოდ მცირედნი ვიდოდიან ხსნის ვიწრო გზით, ხოლო უკანასკნელ ჟამს ეს გზა კიდევ უფრო ძნელად სავალი გახდება. ამით საღმრთო წერილი ადამიანებს მხნეობას შთაბერავს და მათ ვერ შეაშფოთებთ ის გარემოება, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი ძალზე მცირე იქნება, და ეს სამწყსო ქრისტესი მცირე რამ ჭალაკივით გამოჩნდება სიცრუისა და უკეთურების უკიდეგანო ოკეანეში, რომელიც მთელს ქვეყნიერებას მოიცავს; ასეთ ჭეშმარიტ მორწმუნეებს მარად ეხსომებათ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქვენდა სასუფეველი“ (ლუკა 12,32), და გამხნევებულნი ამ ნუგეშით ხორციელ სიკვდილსაც არ შეუშინდებიან.

No comments:

Post a Comment